ცოდნა – ეს ძალაა, რომელიც უნდა შეითვისოთ, ამიტომაც ყოველთვის ვიწყებთ პრანაიამით, პრანის დამორჩილებით. დასამორჩილებლად იგი ნამდვილად რთულია და გარკვეულ დროს მოითხოვს. მას ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივად ვეცნობით, ვიცნობთ მის შესაძლებლობებს და ვიაზრებთ თუ რა აზრი დევს თითოეულ სავარჯიშოში, რა ტიპის ენერგიის მატარებელი და შემომტანია ჩვენში.
ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან მაინც შემოვა ჩვენში, უბრალოდ მოითხოვს გარკვეულ დროს და ძალისხმევას, სისტემატიურ ვარჯიშს, მხოლოდ ამის შემდეგ დავინახავთ ჩვენს შედეგს. არანაირი ახსნა-განმარტება არ არის საჭირო და არ იძლევა არანაირ მტკიცებულებას, მხოლოდ თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაუმოწმოთ თქვენს თავს და სხეულს. ისუნთქეთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, როცა დღე ცვლის ღამეს და პირიქით. როდესაც ირგვლივ განსაკუთრებული სიმშვიდეა და ჩვენს სხეულს შეუძლია შეუერთდეს ამ გარემოებას.
ივარჯიშეთ ცალკე ოთახში, არ გეძინოთ იქ სადაც ვარჯიშობთ, რადგან იმ სივრცეში საჭიროა შენარჩუნდეს სუფთა და სულიერი ატმოსფერო. შეეცადეთ ეს სივრცე შეავსოთ ყვავილებით, ნახატებით. ეს იდეალური გარემოა იოგისთვის. დაანთეთ სურნელოვანი სანთლები, ჩხირები, დილით და საღამოს, არ შეხვიდეთ ოთახში გაღიზიანებული, ბრაზით სავსე გულით, მოუწესრიგებელი, შემოუშვით ოთახში მხოლოდ დადებითი ენერგიის მატარებელი ადამიანები და ისინი, ვინც ახლოს არიან თქვენს შინაგან სამყაროსთან. ნელ-ნელა ამ სივრცეში დაისადგურებს სიმშვიდე და სასიამოვნო აურა. თუ თქვენ იგრძნობთ მღელვარებას ან გაღიზიანებას, ამ ოთახში შესვლაც კი საოცრად დაგამშვიდებთ. ვისაც არ აქვს საშუალება იქონიოს ცალკე სივრცე, მათ შეუძლიათ ივარჯიშონ ნებისმიერ ადგილას. უბრალოდ დაჯექით სწორად, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, გაუშვით კეთილი სურვილები სამყაროსკენ, რაც მეტ დადებით ენერგიას გაუშვებთ, მით უფრო მეტს მიიღებთ და ამით ძალიან კარგად იგრძნობთ თავს.